ძირითადი მიგნებები
„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ სასამართლოს ეფექტიანობის გასაზომად შექმნა შეფასების ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს სასამართლო სისტემა 5 ინდიკატორისა და 45 ქვეინდიკატორის საფუძველზე შეფასდა. შესაბამისად, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსია 30,70%.
ინდიკატორი 1: სასამართლოს ვებგვერდის ინფორმაციულობის ხარისხი
ინდიკატორის შეფასება: 23,55%
- კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არცერთ სასამართლოს არ აქვს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სრული ინფორმაცია სასამართლოს განსჯადობის შესახებ. გამონაკლისია ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, რომელსაც ინფორმაცია განთავსებული აქვს სრული სახით;
- არცერთი სასამართლოს ვებგვერდზე არ არის განთავსებული ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების და აღსრულების გზების შესახებ. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ვებგვერდზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესისა და აღსრულების გზების შესახებ განთავსებულია საინფორმაციო ბროშურა, რომელიც თარიღდება 2008 წლით და არ შეესაბამება სამართლებრივი აქტების მოქმედ რედაქციებს;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სასამართლოს ფორმები ყველა სასამართლოს ვებგვერდზე არ არის განთავსებული. ვებგვერდების ნაწილზე ფორმები ხელმისაწვდომია ელექტრობმულების სახით, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბმული არასრულად არის მითითებული, არ ფუნქციონირებს ან განთავსებულია არარელევანტურ განყოფილებაში;
- „საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ შეისწავლა, თუ რამდენად აქვეყნებენ სასამართლოები ინფორმაციას შემოსული, დასრულებული და ნაშთად დარჩენილი საქმეების შესახებ საქმეთა კატეგორიების მიხედვით. როგორც ირკვევა, ძირითადად განთავსებულია მხოლოდ ზოგადი სახის მონაცემები; იშვიათ შემთხვევებში გამოქვეყნებულია შედარებით დეტალური სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ – საქმეთა კატეგორიების მიხედვით;
- სასამართლოების ვებგვერდებზე საერთოდ არ არის განთავსებული ინფორმაცია საქმეთა განხილვისთვის დახარჯული მინიმალური და მაქსიმალური დროის შესახებ;
- სახელმწიფო ბაჟის განაკვეთების და გამოთვლის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით ძირითადად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სასამართლოებს განთავსებული აქვთ იმ გვერდის ბმული, რომელიც 2010 წელს არის შექმნილი და არ არის განახლებული;
- სასამართლოების ვებგვერდებზე მომხმარებელთათვის გასაგები ენით განთავსებული არ არის ინფორმაცია სასამართლოს ხარჯებისგან გათავისუფლების, შემცირების, გადავადების და მხარეთა შორის მათი განაწილების შესახებ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულია მხოლოდ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი.
ინდიკატორი 2: სასამართლოს შენობის ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი
ინდიკატორის შეფასება: 48,18%
- მაღალმთიან რეგიონებში, მესტიისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან სასამართლომდე მანძილი აღემატება 500 მეტრს, რაც შეიძლება, დაბრკოლება აღმოჩნდეს სასამართლოს მომხმარებლებისთვის;
- სათარჯიმნო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კუთხით ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სასამართლოები არ ამოწმებენ თარგმანის ხარისხს, ასევე, არ აწარმოებენ თარჯიმნის არარსებობის შემთხვევაში სხდომათა გადადების სტატისტიკას;
- სასამართლოს გუშაგის წარმომადგენლების მიერ სასამართლოებში ვიზიტების შედეგად გამოვლინდა, რომ სხდომათა მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია 32 სასამართლოში განთავსებული არ იყო;
- 34 სასამართლოს შენობაში საინფორმაციო დაფაზე ხელმისაწვდომი არ იყო მოსამართლის თანაშემწის/მდივნის შიდა საკონტაქტო ინფორმაცია. გარდა ამისა, 39 სასამართლოში უზრუნველყოფილი არ იყო შიდა საკომუნიკაციო საშუალება (თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში, კანცელარიის დახმარებით, შესაძლებელია შიდა კომუნიკაცია);
- არცერთ სასამართლოში არ არის განთავსებული საქართველოში არსებული უფასო იურიდიული დახმარების პროვაიდერების შესახებ განახლებული ინფორმაცია. ზოგიერთ შემთხვევაში საინფორმაციო დაფაზე მითითებულია ძველი, 2013 წელს შექმნილი service.court.ge, როგორც იურიდიული დახმარების პორტალი, რეალურად კი აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებულია შეფასების ფორმები. სახელწოდებით „დიალოგი ცვლილებებისთვის“.
- საქართველოს საერთო სასამართლოებში უმრავლეს შემთხვევებში უწყვეტი უსადენო ინტერნეტკავშირი ვიზიტორებისთვის უზრუნველყოფილი არ არის. გამონაკლისია თბილისის სააპელაციო სასამართლო, სადაც ვიზიტორებისა და მხარეებისთვის ხელმისაწვდომია უწყვეტი უსადენო ინტერნეტი. ხოლო თბილისის საქალაქო, ყაზბეგის მაგისტრატ, ხულოს მაგისტრატ და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში სასამართლოს დარბაზებში უზრუნველყოფილია ინტერნეტკავშირი მხოლოდ მხარეებისთვის განკუთვნილ კომპიუტერულ მოწყობილობებში. ცაგერის რაიონულ სასამართლოში პროცესის მხარეებისთვის გამოყოფილია ცალკე ოთახი, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერული მოწყობილებით და ინტერნეტით.
- სასამართლოებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები
- სასამართლოებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლების ვიზიტების შედეგად, შეფასდა კითხვარის მეშვეობით, რომელიც მოიცავს 10 საკითხს და გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
- 19 სასამართლოში ან საერთოდ არ არის განთავსებული სასმელი წყლის დისპანსერები ან თუ განთავსებულია, არ არის საკმარისი რაოდენობით. აგრეთვე, არის შემთხვევები, როდესაც დისპანსერები არ ფუნქციონირებს. ხობის მაგისტრატ სასამართლოში მეორე სართულზე განთავსებულია მხოლოდ ერთი დისპანსერი, რომელიც ხელმისაწვდომია სასამართლოში დასაქმებულ პირთათვის;
- 56 სასამართლოში არ არის გამოყოფილი შესაბამისად აღჭურვილი პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახი;
- აგრეთვე, არის შემთხვევები, როდესაც სასამართლოს საპირფარეშოები მოხმარებისთვის არაჰიგიენურია. ერთ-ერთი მაგალითია გარდაბნის მაგისტრატი სასამართლო, სადაც საპირფარეშო არაჰიგიენურია, არ არის აღჭურვილი ხელსაბანით, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს, ხელსაბანთან არ არის განთავსებული საპონი და ხელსახოცი. ხობის მაგისტრატ სასამართლოში საპირფარეშოში არ არის უზრუნველყოფილი პრივატულობა, კერძოდ – საპირფარეშოს კარი არ იკეტება და არ არის ჰიგიენური მოხმარებისთვის. საგარეჯოს მაგისტრატ სასამართლოში საპირფარეშო არაჰიგიენურია მოხმარებისთვის, სასამართლოს ზოგიერთ საპირფარეშოში წყლის მიწოდების მიზნით განთავსებულია ძველი, წყლით სავსე სათლები, რომლებიც არ არის სუფთა; საპირფარეშოში ხელსაბანთან არ არის განთავსებული საპონი და ხელსახოცი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უზრუნველყოფილი არ არის სათანადო ვენტილაცია. ჯამურად, 9 სასამართლოს საპირფარეშოები არაჰიგიენურია მოხმარებისთვის.
ინდიკატორი 3: საქმეთა ნაკადის მართვის ეფექტიანობა
ინდიკატორის შეფასება: 1.22%
- CEPEJ-ს (მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია) სტანდარტების მიხედვით, საქართველოში საჭიროა, რომ სასამართლო დაკომპლექტებული იყოს, მინიმუმ, 737 მოსამართლით, ხოლო მიმდინარე მონაცემებით, საქართველოში 335 მოქმედი მოსამართლეა (უზენაესი სასამართლოს ჩათვლით). შესაბამისად, მოსამართლეთა რაოდენობა ვერ პასუხობს მითითებულ სტანდარტს;
- ინფორმაცია იმის შესახებ, აწარმოებენ თუ არა სასამართლოები სტატისტიკურ მონაცემებს საქმეთა განხილვის ვადების დაცვის შესახებ, ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად უცნობია, საქმეთა რა რაოდენობას განიხილავს სასამართლო კანონით დადგენილი ვადის დაცვით. გამონაკლისია რუსთავის საქალაქო სასამართლო, რომელიც ამუშავებს შესაბამის ინფორმაციას.
გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ:
- სასამართლოები არ აწარმოებენ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის დაცვასთან დაკავშირებით რაიმე სახის სტატისტიკას;
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც სასამართლოში ნაკადის მართვას დაარეგულირებს;
- სასამართლოების თავმჯდომარეები საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაციას არ შეისწავლიან და არ წარადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვალდებულები არიან, წელიწადში ერთხელ მაინც წარადგინონ საქმეთა ნაკადის მართვის შესახებ ინფორმაცია. გამონაკლისია რუსთავის საქალაქო და სიღნაღის რაიონული სასამართლოები;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ განიხილავს სასამართლოების მიერ ნაკადის მართვის შესახებ მიწოდებული ინფორმაციას;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ შეისწავლის მოსამართლეთა პროცენტული დატვირთვის მაჩვენებელს. შესაბამისად, უცნობია მოსამართლეთა პროცენტულ დატვირთვებს შორის თანაფარდობა.
ინდიკატორი 4: სასამართლოს ადამიანური რესურსის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა
ინდიკატორის შეფასება: 31,42%
- იუსტიციის უმაღლეს სკოლას არ აქვს შემუშავებული პროგრამა, რომლის მიზანი იქნება ადაპტირებისთვის მოსამართლეთა სწავლება სასამართლო უფლებამოსილების დაწყებიდან;
- სასამართლოებს არ აქვთ დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას;
- სასამართლოებში პერიოდულად არ ტარდება თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა;
- მოსამართლეებს ყოველწლიურად უტარდებათ იუსტიციის სკოლის მიერ მოსამართლეთა გამოკითხვის შესაბამისად დაგეგმილი სწავლება პროფესიული ცოდნის განსავითარებლად, თუმცა იუსტიციის უმაღლესი სკოლა ინდივიდუალური მოსამართლისთვის ჩატარებული სწავლების შესახებ ინფორმაციას არ ამუშავებს;
- იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ, მის მიერ „სასამართლოს გუშაგისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 2021 წელს გამოიკვლია მოსამართლეთა პროფესიული განვითარების საჭიროებები;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყენებს მოსამართლეთა დაწინაურების წესს პრაქტიკაში;
- 59 მოსამართლე არ მუშაობს იმ სპეციალიზაციით, რომელშიც ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა;
- მოსამართლეთათვის არ არის ხელმისაწვდომი ეთიკის წესების განმარტებითი სახელმძღვანელო და არ არის შექმნილი სამოსამართლო ეთიკის საბჭო;
- გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მაგისტრატ სასამართლოებში სხდომის მდივნები ითავსებენ მოსამართლის თანაშემწის ფუნქციებს;
- სასამართლოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თითქმის ყველა სასამართლოში (თეთრიწყაროს და ახალქალაქის სასამართლოების გარდა) ყოველწლიურად აფასებენ მოხელეებს და მათთვის წინასწარ არის ხელმისაწვდომი შეფასების წესი და კრიტერიუმები;
- სასამართლოს მოხელეთა თანაბარი ანაზღაურების საკითხს „საქართველოს სასამართლო გუშაგი“ ადვოკატირებდა სხვადასხვა ფორმით. ამ მიზნით ორგანიზაციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2023 წლის დასაწყისში სარეკომენდაციო წერილითაც მიმართა, რის შემდგომაც რამდენიმე თვეში გათანაბრდა ყველა საქალაქო (რაიონული) სასამართლოს სხდომის მდივნების, მოსამართლის თანაშემწეებისა და სასამართლოს მენეჯერების ანაზღაურება;
- უცნობია, იკვლევენ თუ არა სასამართლოები მოხელეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებს; აგრეთვე, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის მონაცემები იმის თაობაზე, აწარმოებს თუ არა სასამართლო მოხელეთათვის ორგანიზებულ ტრენინგებში/სემინარებში მონაწილეთა აღრიცხვას, თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ყველა სასამართლოს მოხელე პერიოდულად ესწრება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული ტრენიგებს;
- არცერთ სასამართლოს, ასევე არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის უმაღლეს სკოლას და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს არ აქვთ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეგულირების სპეციალური მექანიზმი. აღსანიშნავია ის, რომ რუსთავის საქალაქო, სიღნაღისა და თელავის რაიონული სასამართლოების შინაგანაწესი მოიცავს მითითებას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების აკრძალვაზე.
ინდიკატორი 5: სასამართლოს გამჭვირვალობა
ინდიკატორის შეფასება: 24,90%
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილებები, 2020 წლის შემდგომ, შესაბამის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის;
- სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემა მოთხოვნის საფუძველზე წარმოადგენს პრობლემას გამჭვირვალობის კუთხით, ვინაიდან სასამართლოების მხრიდან უმეტესწილად არ ხდება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჯაროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემას უზრუნველყოფენ რუსთავის საქალაქო, გორისა და თელავის რაიონული სასამართლოები. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლო მოთხოვნის საფუძველზე გასცემს სასამართლოს გადაწყვეტილებებს კანონით დადგენილი ვადის დაცვით;
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2021 წლის შედგომ არ აქვს შემუშავებული საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;
- სპიკერი მოსამართლეები გათვალისწინებულია მხოლოდ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, თუმცა მათი მხრიდან არ ხდება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ინფორმირება წელიწადში ერთხელ მაინც;
- კვლევის ფარგლებში სასამართლოების უმეტესობამ მხოლოდ მოთხოვნათა მცირე ნაწილზე გასცა პასუხი. ხოლო რუსთავის საქალაქო, მცხეთის, გორის, თელავის, ცაგერისა და სიღნაღის სასამართლოებმა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ მოთხოვნა თითქმის ყველა შემთხვევაში დააკმაყოფილეს;
- დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ვხვდებით სასამართლოების უმეტესობის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად განთავსებულ შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული მონაცემები არ ქვეყნდება რეგულარულად ან მსგავსი სახის ინფორმაცია საერთოდ არ არის განთავსებული;
- საქართველოს არცერთ სასამართლოში საშტატო ნუსხით არ არის გათვალისწინებული სპეციალური პირი, რომელიც უზრუნველყოფს მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას. აგრეთვე პრობლემას წარმოადგენს ის, რომ უმეტეს შემთხვევაში არ არის განთავსებული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია (ხშირად, მითითებული სატელეფონო ნომერი არ ეკუთვნის იმ პირს, ვინც უშუალოდ საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს);
- პრობლემას წარმოადგენს სასამართლო სისტემის მხრიდან ანგარიშების გამოქვეყნება და საზოგადოების ინფორმირება სისტემის საქმიანობის შესახებ. უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიში 2018 წლით თარიღდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი – 2019 წლით, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის – 2020 წლით, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიში – 2021 წლით.
- სასამართლოს ეფექტიანობის შეფასების ინდექსის მიხედვით, ეფექტიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით რაიონული (საქალაქო) სასამართლოებიდან გამოირჩევა რუსთავის საქალაქო სასამართლო – 41,10 %.