3 ქულა – არსებობს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მოსამართლის დაწინაურების წესი, რომელიც მოიცავს მოსამართლის მოსაზრების მოსმენის და გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და მოსამართლის დაწინაურება ხდება ამ წესის მიხედვით.
2 ქულა – არსებობს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მოსამართლის დაწინაურების წესი და მოსამართლის დაწინაურება ხდება ამ წესის მიხედვით.
1 ქულა – არსებობს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული მოსამართლის დაწინაურების წესი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
სასამართლოს ვებგვერდი
შეფასება - 1 ქულა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლი სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესს განამტკიცებს: „ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე, მისივე თანხმობით, კონკურსის გარეშე დაინიშნოს რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. თუ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.“ აღნიშნული მუხლი გვამისამართებს 41-ე მუხლით განმტკიცებულ დანიშვნის იმ წინაპირობებთან, რომლებიც მოცემულია ზემოთ.
რაც შეეხება უშუალოდ კრიტერიუმებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების (#1/208-2007, 2007 წლის 25 სექტემბერი) მე-13 პრიმა მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს მოსამართლე, რომელიც თავისი კომპეტენციით, გამოცდილებით, საქმიანი და მორალური რეპუტაციით შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მაღალ წოდებას და აქვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.“ აგრეთვე, მე-15 პუნქტის მიხედვით: „მოსამართლის შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხედველობაში იღებს „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 27 დეკემბრის №1/226 გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებულ ბოლო 1 წლის საქმიანობის შეფასების შედეგებს.“
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების (#1/208-2007, 2007 წლის 25 სექტემბერი) 131 მუხლის მე-16 პუნქტი განამტკიცებს მოსამართლის მიერ საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობას: „მოსამართლე უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს წერილობით წარუდგინოს თვითშეფასება და თავისი საქმიანობის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელების მოტივაცია.“ თუმცა, აღნიშნული წესი არ მიუთითებს მოსამართლის გასაჩივრების შესაძლებლობაზე.
მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმთან მიმართებით „სასამართლოს გუშაგმა“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა თხოვნით, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რამდენად იყენებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის შეფასების შედეგებს მისი დაწინაურებისას, თუმცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გასცა.